დაგვირეკე 032 242 28 06
contact@organicgeo.ge

რა არის DCFTA?

DCFTA – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება

 

ხელის მოწერის თარიღი: 2014 წლის 27 ივნისი

პირობითად ამოქმედების თარიღი: 2014 წლის 1 სექტემბერი

ძალაში შესვლის თარიღი: 2016 წლის 1 ივლისი

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, DCFTA არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი დახმარებით საქართველოში გაჩნდა მრავალი ეკონომიკური და სავაჭრო შესაძლებლობა, რაც გამოიხატება ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ვაჭრობის პროცესების გამარტივებაში.

 

DCFTA გულისხმობს პროდუქტითა თუ მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას:

  • ახალ ბაზრებთან წვდომა/ახალ ბაზრებზე შესვლის სიმარტივე;
  • საბაჟო ბარიერების შემცირება;
  • ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები;
  • ეკონომიკური თანამშრომლობა;
  • ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები;
  • სამართლიანი კონკურენცია;
  • ვაჭრობის პროცედურების სიმარტივე;
  • გამჭვირვალობა.

 

DCFTA-ის ფარგლებში და ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის პირობებში, საქართველოსთვის იხსნება უმსხვილესი ბაზარი (28 ქვეყანა; 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი). აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ვინაიდან გაიზრდება საექპორტო პოტენციალი, გაიხსნება ახალი საწარმოები, გაიზრდება უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

 

გარდა ეკონომიკური და სავაჭრო უპირატესობისა, DCFTA-ს არსებობა ხელს უწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაზრდას, რაც განსაკუთრებით ნათლად აისახება სურსათის უვნებლობაში, ვინაიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ადგილობრივად წარმოებული სურსათი მკაცრად შემოწმდება, გამომდინარე აქედან, ქართველი მომხმარებელი მიიღებს ჯანსაღ, უსაფრთხო და უვნებელ საკვებ პროდუქტებს.

 

დამატებითი სარგებელი, რასაც DCFTA ქმნის, არის ჯანსაღი ბიზნეს გარემო, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებაში. ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში, საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ქართული წარმოების ყველა სახის პროდუქტი, შესაბამისი პირობებისა და სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შევა ევროკავშირში ნულოვანი საბაჟო ტარიფით. დროთა განმავლობაში, ქართული პროდუქტი მიიღებს დაშვებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვებში.